საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციას მხარი 188 დეპუტატმა დაუჭირა, სამი დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 16-მა კი თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და მთავრობას მისი განხორციელება არ ევალება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია. ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ სენატის რეზოლუციაში მოცემულ მოთხოვნას არ იზიარებს.

„ჩვენი სომეხი მეგობრები ამას თავად არ ითხოვენ. ასეთი გადაწყვეტილება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან ჩვენს გარიყვას ნიშნავს. ამ ნაბიჯით შუამავლის როლს დავკარგავთ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.