ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის მკვლელობის გამო, თეირანი საშინელი შურისძიებით იმუქრება

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის მკვლელობის გამო, თეირანი საშინელი შურისძიებით იმუქრება

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა მოჰამად ბაღერიმ განაცხადა, რომ მათ, ვინც მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის უკან დგას, საშინელი შურისძიება ელით.

„ტერორისტულმა ჯგუფებმა, ოფიციალურმა პირებმა და ამ ლაჩრობის ჩამდენებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ საშინელი შურისძიება ელით“, - განაცხადა ირანის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.

27 ნოემბერს ირანელი ფიზიკოსი, მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელად მიიჩნევა, თეირანის მახლობლად მოკლეს.

დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები ფახრიზადეს განიხილავდნენ როგორც პირს, რომელიც ირანის ბირთვული შეიარაღების საიდუმლო პროგრამის უკან იდგა. 2018 წელს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოჰსენ ფახრიზადე, ფიზიკის პროფესორი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცერი, ბირთვული იარაღის პროექტის დირექტორად მოიხსენია.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ სერიოზული მინიშნებები არსებობს იმის თაობაზე, რომ ისრაელს ირანელი ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობასთან კავშირი აქვს.