პენსილვანიის შტატის სასამართლომ შტატში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმება დროებით შეაჩერა

პენსილვანიის შტატის სასამართლომ შტატში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმება დროებით შეაჩერა

პენსილვანიის შტატის სასამართლომ შტატის ტერიტორიაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმება დროებით შეაჩერა.

„2020 წლის არჩევნების შედეგების დამოწმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი შემდგომი ქმედება დროებით უნდა შეჩერდეს საქმის არსებით განხილვამდე“, - ნათქვამია მოსამართლე პატრისია მაკალოუს გადაწყვეტილებაში.

დონალდ ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის განცხადებით, პენსილვანიის შტატში თითქმის 700 ათასი ბიულეტენი ბათილად უნდა ცნონ, ვინაიდან ფოსტით გამოგზავნილი ბიულეტენები სათანადოდ არ შემოწმდა. საქმის არსებითი განხილვა 27 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული.

თავის მხრივ, პენსილვანიის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ჯონ შაპირომ განაცხადა, რომ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უკვე დამოწმდა და სასამართლოს გადაწყვეტილება ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა დანიშვნაზე გავლენას ვერ მოახდენს.

24 ნოემბერს პენსილვანიის შტატის ხელისუფლებამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა.

ბოლო მონაცემებით, პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ი მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა 48.8%-ი.

9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.