საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 305-მა სენატორმა დაუჭირა.

„სენატი საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიაროს და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით, ეს აღიარება მოლაპარაკებების ინსტრუმენტად გამოიყენოს“, - ნათქვამია საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

ფრანგი სენატორები ასევე აცხადებენ, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დაკავებული ტერიტორიები უნდა დატოვონ“.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის სენატმა მიიღო, სარეკომენდაციო ხასიათისაა და მთავრობას მისი განხორციელება არ ევალება.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.