დავით ზარდიაშვილი: „სააკაშვილმა, როგორც „პოლიტიკურმა ცხოველმა“ ამ ტრაგი-კომიკურ ვითარებას ალღო აუღო“

დავით ზარდიაშვილი: „სააკაშვილმა, როგორც „პოლიტიკურმა ცხოველმა“ ამ ტრაგი-კომიკურ ვითარებას ალღო აუღო“

„ოპოზიციური პარტიები თუ პარლამენტში არ შევლენ, რასაკვირველია, ეს იქნება პარტიულ-პოლიტიკური სისტემის კრახის მანიფესტირება” - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ზარდიაშვილი.

„თუმცა, „კრახზე“ აქ საუბარი ერთობ პირობითია, რადგან სინამდვილეში  - საქართველოში 90-იანებიდან მოყოლებული დღემდე - მეტ-ნაკლებად გამართული პარტიულ-პოლიტიკური სისტემა ვერ შედგა.

ვერ შედგა, რადგან მყარი პოლიტიკური იდენტობა, რაც საჭიროა მეტ-ნაკლებად ინსტიტუციონალიზებული, ანუ მოქალაქეების ფართო ჯგუფების პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა, მათი ინტერესების წარდგენასა და გატარებაზე ორიენტირებული პარტიების ფორმირებისთვის, ოდენ მოჩვენებითია; ხშირად ხელოვნური და არც თუ იშვიათად, იმის საპირისპირო, რაც სახელად დაურქმევიათ;

როცა ჯეელი ვიყავი და ეროვნულ მოძრაობაში „პარტიულობანას“ თამაშები დაიწყო, თავადაც მიმიღია უშუალო და საკმაოდ აქტიური მონაწილეობა ამ „პარტიული თვითგამორკვევის“ ძალზე ტრაგი-კომიკურ პროცესებში;

ალბათ ჩემს მეგობრებს კარგად ემახსოვრებათ, როგორ არჩევდნენ იმ დროინდელი ე.წ. პარტიები სახელებს, ანუ პოლიტიკური იდენტობის ძიებაში რაოდენ გროტესკულ მდგომარეობაში ვიყავით; მაგალითად, როგორ გვინდოდა დაგვერქვა „კონსერვატიული“ პარტია, მაგრამ ამ სახელის მქონე ჯგუფის ზეწოლით დავთმეთ და იქვე, ყრილობაზე წვერაკლიმ (ირაკლი შენგელაიამ) პოლიტიკურ ლექსიკონში, რაც მუდამ ჯიბეში ედო,  იპოვა ერთობ ეგზოტიკური სახელი (თუ სწორედ მახსოვს, ესპანეთში არსებობდა ასეთი დასახელების პარტია) და  „რესპუბლიკურ-ფედერალური პარტია“ დავირქვით; თუმცა „ყველაზე ძველი“ „რესპუბლიკური პარტია“ კი გვარიანად გაგვინაწყენდა, რადგან "საავტორო უფლებები" მხოლოდ ჩვენა გვაქვს რესპუბლიკელობაზეო, გვიმტკიცებდა. ცხადია, თუ სახელებით ვიმსჯელებთ, ყველაზე ძველი პარტია საქართველოში ეროვნულ-დემოკრატები იყვნენ, ანდა გურამ მუჩაიძის სოციალ-დემოკრატები.

ასე იყო თუ ისე, ფაქტია: პოლიტიკური იდენტობის და პარტიული თვითგამორკვევის პროცესი  კარგა გვარიანად სახალისო იყო მაშინაც და არის დღემდე; მაგალითად, მახსოვს „მრგვალ მაგიდაში“ შედიოდა ასეთი დასახელების პოლიტიკური ორგანიზაცია „ლიბერალ-დემოკრატიული რადიკალური კავშირი“; დასახელებიდანვე ოქსიმორონი იყო ეს ვითომ-ლიბერალთა  „რადიკალური დაკავშირება“; ასეთი სასაცილო მაგალითების მოყვანა დღესაც უხვად შეიძლება; სასაცილოა არა მხოლოდ პარტიული, არამედ პოლიტიზებული ე.წ. სამოქალაქო ვაი-საზოგადოების იდენტობაც: მაგალითად, ზემოთ მოყვანილ ოქსიმორონს ერთ-ერთში იმეორებს ვითომ, ე.ი. ძალად  ლიბერალ ინტელიგენტთა "შეურიგებლობის მანიფესტი",

ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური იდენტობა რაც პარტიის შექმნას სჭირდება, გამოგონილია, იმიტირებულია და თუკი ვინმე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, მხედველობაში ის უნდა მიიღოს, რომ უწინარეს ყოვლისა, გაყალბებულია და მოჩვენებითია ეს ე.წ. პარტიები, რომელთა შორისაც, ჩვენ - იმთავითვე მოტყუებულ მოქალქეებს,  არჩევნების გაკეთება გვიწევს. თუნდაც "სტრატეგია აღმაშენებელი", როგორც ცინიკური აფერისტობა, რად ღირს! ან "ევროპული საქართველო". და სხვ. და ა.შ.

არაერთგზის დამიწერია, რომ ჩვენი პარტიები სინამდვილეში კლიენტელებს წარმოადგენენ -  ე.წ. ლიდერების, სინამდვილეში - პატრონების გარშემო პირადი სარგებლის საფასურად მისი ინტერესების სამსახურად გაერთიანებულ პოლიტიკურ ჯგუფებს; თუ პარტია არ გაიზარდა, ინსტიტუციონალიზება ვერ შეძლო, მოქალქეთა ნების მაფორმირებელ სტრუქტურად ვერ ჩამოყალიბდა, მაშინ ასეთი გაერთიანების ხასიათი ხშირად ხროვის ანდა უარესი: ნახირის ორგანიზაციას ემსგავსება;

სააკაშვილმა, როგორც „პოლიტიკურმა ცხოველმა“ ამ ტრაგი-კომიკურ ვითარებას ალღო აუღო და როგორც საკუთარი პარტია, ასევე, მისი ხელისუფლების პირობებში  პარტიულ-პოლიტიკური სისტემა ნახირის, რომელსაც სათავეში ხროვა უდგას, პრინციპებით შექმნა.

ცხადია, თუ ოპოზიცია „ქუჩაში“ დარჩა, მისი პოლიტიკური იდენტობა, მიუხედავად ოპოზიციური პარტიების სახელების საკმაოდ სასაცილო მრავალფეროვნებისა, სინამდვილეში სწორედაც  ხროვის ანალოგიური იქნება; მათ წარმოდგენაში ხროვის „სტრატეგია“ ძალიან მარტივია: თურმე,  ხეზე ასულ ხელისუფლებას  ალყაში მოაქცევენ, "გლავკანალებით" ააყროლებენ (როგორც მგლები აკუებენ ხოლმე ხეზე ასული მსხვერპილს გასაბრუებლად)  და დაელოდებიან, როდის ჩამოვა ხიდან, რომ გაგლიჯონ.

თანაც, ისიც ძალიან საეჭვოა, რომ საკბილოს განაწილება შეძლონ და ერთმანეთსაც არ დაერიონ გასაგლეჯად. სასაცილოა ისიც, რომ სააკაშვილის, როგორც ხროვის „ვაჟაკის“  როლი აქ გადამწყვეტად გამოიყურება;

მაგრამ  რაც მთავარია: არც ბიძინა და არც „ოცნება“ ხეზე ასულს ნამდვილად არ ჰგავს. ამიტომ ხროვა „გაღმა, მარილზე“ თუ გავა და არა სანადიროდ. გზაც იქით ჰქონიათ! ?

ხოლო როგორ უნდა შეიქმნას ეს პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, ამას დიდი ფიქრი და გარჯა სჭირდება, რათა ამ გროტესკულ მდგომარეობაში მუდმივად არ ჩავცვივდეთ.

იქნებ პირდაპირი, უშუალო დემოკრატიაა გამოსავალი?!ვინ იცის?!“