ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ

ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მხარეებს შორის 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქელბაჯარის რაიონი აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადადის. ამ ტერიტორიაზე კონტროლი ბაქომ 1992 წლიდან დაკარგა.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შესვლამდე ქელბაჯარი სომხეთის სამხედრო დანაყოფებმა დატოვეს.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.