დიალოგის მესამე რაუნდის მოლოდინში მყოფი ოპოზიცია

დიალოგის მესამე რაუნდის მოლოდინში მყოფი ოპოზიცია "ლელოს" ოფისში სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობს

მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე 10 დღით ადრე, ოპოზიცია ისევ ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები "ლელოს" ოფისში არიან შეკრებილნი. საუბრის თემა სამოქმედო გეგმაა. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი.

როგორც ოპოზიცის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, ისინი აპირებენ იმსჯელონ დიალოგის მესამე რაუნდზე და სამომავლო სტრატეგიაზე.

"ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის შესაძლო მესამე რაუნდზე, რომელსაც ველოდებით. ჩვენს პოზიციებს კიდევ ერთხელ გავცვლით ერთმანეთში და ასევე ჩვენს მომავალ სამუშაო გეგმაზეც ვისაუბრებთ, იმიტომ რომ იგეგმება ბევრი რამ, მათ შორის არ გამოვრიცხავთ კვლავ აქციების გაგრძელებას. რა თქმა უნდა, პარლამენტის პირველი სხდომაც იქნება ჩვენი განხილვის დღის  წესრიგში," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციის გამართვა პარლამენტის გახსნის პირველ დღეს კვლავ ძალაში რჩება.

"ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც სჭირდება თანმიმდევრული პასუხი. ზუსტად ამ თანმიმდევრული პასუხისთვის და ქმედებების დაგეგმისთვის იკრიბება ხოლმე ოპოზიცია ჩვენს ოფისში, იმიტომ რომ განვიხილოთ როგორი უნდა იყოს სამომავლო ნაბიჯები, როგორ ვხედავთ ვითარებას და როგორ ვხედავთ ამ ვითარებიდან გამოსავალს. მოთხოვნა რჩება უცვლელი - ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება. ე.წ. პარლამენტს შეკრების პირველივე დღეს ჩვენ გვექნება საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე დაიგეგმება, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ოპოზიცია უახლოესი პერიოდის განმავლობაში.

"განვიხილავთ და დავგეგმავთ უახლოესი კვირების განმავლობაში რას გავაკეთებთ ერთობლივად. იქნება ეს ე.წ. ქუჩის აქციები თუ სხვა ერთობლივი ქმედებები. როდესაც პარლამენტი პირველად შეიკრიბება, ჩვენ ვაპირებთ გარკვეული საპროტესტო აქციის გამართვას. ოღონდ ეს ჯერ-ჯრობით არის იდეა," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.