ჯანმო: ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება

ჯანმო: ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება

ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება - განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. მისი თქმით, უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ პანდემია დასრულდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მთელ მსოფლიოში დასარიგებლად დაუყოვნებლივ საჭიროა 4,3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია.

"ვაქცინების კვლევებთან დაკავშირებით უახლესი პოზიტიური სიახლეებით, ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება. ახლა უკვე რეალური იმედი არსებობს, რომ ვაქცინა - სხვა ჯანდაცვის ღონისძიებებთან ერთად, ხელს შეუწყობს COVID-19-ის პანდემიის დასრულებას," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

პარალელურად საშობაოდ ევროპული ქვეყნები რეგულაციების შესამსუბუქებლად ემზადებიან, ინგლისში სხვა ქვეყნებიდან ჩასული მგზავრების ნაწილისთვის კარანტინის ვადა 14-დან 5 დღემდე შემცირდა. ის პირები კი, რომლებიც კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაზე უარს იტყვიან, 14 დღიან კარანტინს გაივლიან.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ COVID-19-ის ვაქცინაციის პროგრამა, შესაძლოა, დეკემბერში დაიწყოს. მისი თქმით, გერმანიის ფედერალურ რეგიონებში უკვე მზადდება ვაქცინაციის ცენტრები. კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა ესპანეთის მონარქი. მონაცემებმა იკლო საფრანგეთში, სადაც გასულ დღე-ღამეში 28 სექტემბრის შემდეგ ინფიცირების ყველაზე ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა თურქეთში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო 24 საათში გარდაცვალებისა და ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.