თემურ ნანეიშვილი: „ეტყობა, პატარა პარტიები რაღაც ვალში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“

თემურ ნანეიშვილი: „ეტყობა, პატარა პარტიები რაღაც ვალში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“

„სააკაშვილს ქვეყანა რომ არ უყვარს, ეს იქიდანაც გამოჩნდა, როცა პირველსავე დღეს უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მაგრამ ამ პატარა პარტიებს რა სჭირთ, იმის ნაცვლად, უხაროდეთ ბარიერის გადალახვა, უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. ეტყობა, რაღაც ვალში არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" - ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ოპოზიციის უცვლელ მოთხოვნას, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე მივლენ, ოღონდ ხელისუფლებამ კონკრეტული შეთავაზება უნდა წარმოადგინოს და დასთანხმდეს ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

"ჩემი პროგნოზი გამართლდა, როცა ვამბობდი, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის კი არა, არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებოდა. აბა, რა ჰქვია იმას, რაც ახლა ხდება?! ხელისუფლებამ ყველაფერი შესთავაზა ოპოზიციას, ხმების ხელახალი გადათვლიდან დაწყებული, მაგრამ არა, არ უნდათ, მე მინდა და უნდა გაუქმდესო. ასე ხომ არ შეიძლება. ამას არც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში არ დასთანხმდება.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პატარა პარტიები მძევლები გახდნენ "ნაციონალური მოძრაობისა", იმის ნაცვლად, რომ უხაროდეთ, ბარიერი გადავლახეთო, მაინც უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. ეტყობა, რაღაც ვალში არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან". ქვეყანა რომ უყვარდეთ, ასე ხომ არ მოიქცეოდნენ? სააკაშვილს ქვეყანა რომ არ უყვარს, ეს კარგად გამოჩნდა, როცა პირველსავე დღეს უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ან ამ ნათელაშვილსა და ბურჯანაძეს რა უნდათ, როდემდე ვატაროთ არჩევნები, ვიდრე არ გაიმარჯვებენ და შვილებით არ შევლენ პარლამენტში?

რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ წავა დათმობაზე, რადგან არჩევნები შედგა და ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი. მე მაინც ვფიქრობ, რომ რომელიმე პარტია შევა პარლამენტში, რადგან სიმართლე მათ მხარეს არ არის. ქუჩაში დარჩენით ოპოზიცია ვერაფერს მოიგებს, პატარა პარტიებისთვის კი ეს თვითმკვლელობაა" - აღნიშნა "რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.