ზურაბ გურული: ამერიკაში მივიღეთ სპეციალური ბრძანება, კლინიკებში კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად მზადება დავიწყოთ

ზურაბ გურული: ამერიკაში მივიღეთ სპეციალური ბრძანება, კლინიკებში კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად მზადება დავიწყოთ

ორშაბათიდან ყველა კლინიკაში მკვეთრი ცვლილება დაიწყო, განსაკუთრებით ფედერალურ სამსახურებში და დიდ კლინიკებში, მივიღეთ სპეციალური ბრძანება, რომ კლინიკაში კორონავირუსის ვაქცინების მისაღებად მზადება დავიწყოთ, - ამის შესახებ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ყველა კლინიკაში უკვე არის მზადება, იდგება სპეციალური მაცივრები და ვემზადებით იმისთვის, რომ დავიწყოთ ვაქცინის მიღება. ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ პირველი Pfizer-ი გამოაგზავნის ამერიკაში ვაქცინებს. 4 შტატი გამოიყო სამაგალითოდ: ტეხასი, ნიუ მექსიკო, ტენესი და ლონგ აილენდი სადაც პირველად ლოჯისტიკურად განლაგდება ვაქცინები. ვფიქრობ ამერიკაში დეკებრის ბოლოსკენ დაიწყება აცრა და ეს იქნება ნებაყოფლობითი“, - განაცხადა ზურაბ გურულმა.

გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ მას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია.

Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობა 65 წელს გადაცილებულებს შორის 94%-ს შეადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.