კორონავირუსზე ამირან გამყრელიძისთვის ჩატარებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.
ამბობს, რომ მდგომარეობა ამ ეტაპზე ნორმალური აქვს და აკვირდება ვითარებას. ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში 17 ნოემბერს გადავიდა. როგორც ის აცხადებდა, თვითიზოლაციაში გადასვლამდე, წინა დღეებში ბევრ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, ძირითადად, დაცული, მაგრამ გადაწყვიტა თვითმონიტორინგი ეწარმოებინა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.