გამოკითხვა: „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერთა 52%-ი მიიჩნევს, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

გამოკითხვა: „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერთა 52%-ი მიიჩნევს, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

„რესპუბლიკელების“ მხარდამჭერთა 52%-ი მიიჩნევს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. აღნიშნულს სოციოლოგიური სამსახური Ipsos-ისა და საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერთა მხოლოდ 29%-ი აცხადებს, რომ „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში პატიოსნად გაიმარჯვა.

ამასთანავე, „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერთა 68%-ი მიიჩნევს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ფალსიფიცირებული იყო.

გამოკითხვა ონლაინ-ფორმატში 13 ნოემბრიდან 17 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1 346 რესპონდენტმა მიიღო.

9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც საჭირო ხმების რაოდენობას (270)აღემატება.