სიტყვა სირცხვილის კორიდორი რომ მოვისმინე, კარანტინის დაშლის კორიდორი გამახსენდა. საზოგადოებას ახსოვს ის ცნობილი კადრები, იქაც კორიდორი იყო და იმასაც სირცხვილის კორიდორს ეძახდნენ ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ პატიმრებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების დღეს ოპოზიციის მიერ დაანონსებული სირცხვილის კორიდორის მოწყობა ცალსახად არის არჩევნებისთვის ხელის შეშლა.
„ეს ცალსახად არის არჩევნებისთვის ხელის შეშლა, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ვის უწყობ სირცხვილის კორიდორს, ადამიანს, რომელიც უბრალოდ თვლის, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიას უნდა მისცეს ხმა და სხვა კანდიდატს დაუჭიროს მხარი? მოქალაქეს უწყობ სირცხვილის კორიდორს?
სიტყვა სირცხვილის კორიდორი რომ მოვისმინე, კარანტინის დაშლის კორიდორი გამახსენდა, ახსოვს საზოგადოებას ის ცნობილი კადრები, იქაც კორიდორი იყო, იმასაც სირცხვილის კორიდორს ეძახდნენ ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ პატიმრებს. ეს კორიდორები რაღაც სიმბოლურია და ჩემი აზრით, კარგად უნდა დავფიქრდეთ ისეთი ინიციატივების გაცხადებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას მოახდენს ადამიანებს შორის. იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ შენ რომ გინდა ვიღაცას სირცხვილის კორიდორი მოუწყო, შენ მოგიწყვეს და გაგატარეს იმ სირცხვილის კორიდორში? არ გაგატარეს ხომ? შენ რომ ატარებ სხვას ამ სირცხვილის კორიდორში, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ ვიღაც ამას არ მოითმენს და საით მივდივართ?! ისევ დაპირისპირებისკენ?! პოლიტიკური პროცესების გამო ისევ მოქალაქეები გადავკიდოთ ერთმანეთს და ეს იქნება ქვეყნისთვის კარგი? ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი პოლიტიკური პროცესი არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობად და სიცოცხლედ. პოლარიზაცია უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, არ შეიძლება ადამიანებს ერთმანეთი პოლიტიკის გამო სძულდეთ. შეიძლება იკამათონ ადამიანებმა პოლიტიკაზე, მაგრამ სირცხვილის კორიდორები, შეძახილები, პირადი ცხოვრების ქექვა და ა.შ. ეს არის სირცხვილი საქართველოს პოლიტიკური რეალობის და ვფიქრობ, რომ ასეთი ინიციატივები, თავად ოპოზიციის მიერ უნდა იყოს გაკრიტიკებული“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტოს არჩევნების მეორე ტურის დროს ყველა საარჩევნო უბანზე სირცხვილის კორიდორს მოაწყობდნენ. „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი“, - განაცხადა ვარშალომიძემ.