არსებობს სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის ელჩის, ევროკავშირის ელჩის, სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ვერ ხედავენ ბოიკოტის საფუძველს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მუდმივად არც მმართველი ძალა იქნება ხელისუფლებაში და მათაც გვჭირდება არა ხელისუფლებაზე, არამედ ადამიანზე მორგებული კანონები.
„არსებობს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, აშშ-ის ელჩის, ევროკავშირის ელჩის, სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ვერ ხედავენ საფუძველს ბოიკოტის და ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ხარვეზი იყო, როგორც ყველა არჩევნებში იყო, მაგრამ ამავდროულად, უზრუნლყოფილი იყო ხმის მიცემის უფლება. ყველა აცხადებს, რომ საპარლამენტო ტრიბუნა არის გამოსავალი თუნდაც იმისთვის, რომ იმუშაო საარჩევნო კოდექსზე, რომ მომავალ პარლამენტს, ან თუნდაც თვითმმართველობის არჩევნები მოდის ერთი წლის შემდეგ და იქ არ იყოს რამე პრობლემა. რა თქმა უნდა, ყველა პარტია თავის სტრატეგიას ირჩევს, თუმცა ჩემი აზრით, გაუგებარია და შეცდომად მიმაჩნია პარლამენტში არ შესვლა. ის მძლავრი ბერკეტი, რაც ოპოზიციას აქვს და კონკრეტულ შემთხვევაში გაიტანს საკუთარ ინიციატივებს, უფრო მრავალფეროვანი განხილვის შედეგად იქნება მიღებული ესა თუ ის ნორმატიული აქტი და ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ჩვენც მუდმივად არ ვიქნებით ხელისუფლებაში და ჩვენც გვჭირდება არა ხელისუფლებაზე, არამედ ადამიანზე მორგებული კანონები. რადგან, როდესაც არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენც იგივე კანონების მოქმედებაში უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ინიციატივები განხილულ იქნას სხვადასხვა შეხედულებების მქონე პოლიტიკოსების მიერ, რაღაც იქნება გათვალისწინებული, რაღაც - არა. მეორეც ვთქვათ, კიდევ ვის რა უნდა ეთქვა, ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს ყოფილიყო ყურადსაღები ჩვენი ოპოზიციისთვის. თუ სადმე, რომელიმე ჟურნალში ჩვენ ხელისუფლებაზე რამე ნეგატიური დაიწერება, იწყებენ საუბარს ისე, რომ თურმე ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალება წერს ჩვენზე უარყოფითად. ან რომელიღაც ჩინოვნიკმა, საკუთარ ქვეყანაშიც რომ არ იციან, რაღაც რომ თქვას ან ფეისბუქზე დაწეროს ჩვენზე უარყოფითი, ამბობენ, შეხედეთ რა თქვესო და ამ დროს არ ითვალისწინებენ ასეთ მნიშვნელოვან მოწოდებებს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.