ოპოზიციასთან ხელისუფლების ანგარიშგასაწევობის ხაზგასმაა, რომ ეს შეხვედრა გაიმართა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნლისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თანაშემწესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მოწოდება არის შეთანხებისკენ.
„ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც ხდება რეალურად ქვეყანაში. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია ერთიან მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მესამე რაუნდზე მივიდეთ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნებისგან“. აქ არ არის იმაზე მხოლოდ, ჩვენ რას ვიზამთ. მთავარი გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში. ჩვენი მოთხოვნები ძალაშია. ბოიკოტი ასე ვერ შეწყდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების პირველი პირები სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერს შეხვდნენ. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ.