თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

16 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულების პროექტი პარლამენტში განსახილველად წარადგინეს.

„ერთობლივი ცენტრის ადგილმდებარეობას აზერბაიჯანი განსაზღვრავს. ცენტრში იმოქმედებენ სამხედროები და აუცილებლობის შემთხვევაში, სამოქალაქო პირებიც. ცენტრის მუშაობა მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. თურქი სამხედროების გაგზავნა თურქეთის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.

აღსანიშნავია, რომ თურქული მისიის შემადგენლობასა და მისი მოქმედების ვადებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განსაზღვრავს.

13 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თურქი მშვიდობისმყოფელები მთიან ყარაბაღში არ განთავსდებიან. მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საუბარია რუსულ-თურქულ სამონიტორინგო ცენტრზე, რომელიც აზერბაიჯანში განთავსდება და ყარაბაღთან ახლოს არ იქნება.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.