გიგა ბოკერია დებატებზე: მარტო ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და გვექნება კონსულტაციები კოლეგებთან 

გიგა ბოკერია დებატებზე: მარტო ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და გვექნება კონსულტაციები კოლეგებთან 

ირაკლი კობახიძის შეთავაზებას, რომლის თანახმადაც, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ოპონენტებს "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან ღია დებატებში  გამოიწვია, ადრესატები პასუხობენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ჯერჯერობით, საბოლოო პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული, დათანხმდებიან თუ არა ირაკლი კობახიძის შეთავაზებას.

ოპოზიციის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ ცალკეული პარტიები მზად არიან მიიღონ შეთავაზება, თუმცა, კოლეგებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

"მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ კლოუნებთან, მდინარაძესთან, კობახიძესთან, დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს, თუმცა "ევროპული საქართველო" ყოველთვის მზად ვართ ივანიშვილის გარემოცვასთან დებატებისთვის და მასთანაც. მთელი ამ წლების განმავლობაში პარლამენტში ამას ვაკეთებდით და ყველა ხედავდა შედეგებს ამ დებატების. ამიტომ, მზად ვართ. მარტო ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და ჩვენ ოპოზიციურ კოლეგებთან გვექნება ამაზე კონსულტაციები, ისინი როგორ უყურებენ ამ საკითხს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დებატების შესახებ საბოლოო პოზიციას "ნაციონალური მოძრაობა" დღეს განაცხადებს. ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პრობლემა არა დებატებში, არამედ იმაშია, თუ რისი თქმა სურს ამით ხელისუფლებას.

"ახლა გაახსენდათ დებატები, როდესაც უმწვავეს კრიზისში შევიდნენ. ეს არის გამოსავლის ძებნის მცდელობა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან და არა შეთავაზება ოპოზიციისთვის. ამაზე ჩვენ დღეს ოფიციალურ პასუხს განვაცხადებთ. დებატებში კი არ არის პრობლემა, უბრალოდ პრობლემა არის ის, რისთვის იყენებს ხელისუფლება ამ დებატებს, რა სურს რომ ამით გვითხრას,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა კი ამბობს, რომ შეთავაზება უკვე დაგვიანებულია და დებატები არჩევნებამდე უნდა  შემდგარიყო.

"არჩევნებამდე უნდა დამჯდარიყვნენ, ედებატად ოპოზიციასთან იმ უმწვავეს საკითხებზე, რომელიც ქვეყანას აწუხებს. ახლა ედებატოს ოხანაშვილს და ედებატოს იმ გაყალბებულ ციფრებს, რომელიც მან დადო,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ღია ეთერში იწვევს. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა განცხადება რუსთავი ორის ეთერში გააკეთა და არჩევნების შესახებ დისკუსიისთვის სატელევიზიო ეთერის გამოყენება შესთავაზა.