ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „რუსთავის2“-ის ეთერში განაცხადა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს საყურადღებო შემთხვევაა, რომელსაც უწყება აუცილებლად შეისწავლის.
„ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, შეისწავლის ამ შემთხვევას. საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს იმ კლინიკასთან მიმართებით, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური იმ მონაცემების საფუძველზე, რაც აქამდე გვქონდა. სხვა დანარჩენ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ტიპის ინფორმაციის გაანალიზებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 157 ადამიანი დაინფიცირდა, 3 230 კი გამოჯანმრთელდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.