გიორგი კახიანი ნიკა მელიას ოფისის დაწვაზე: ასეთი ქმედებები არ შეიძლება იყოს მმართველი გუნდის, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესში

გიორგი კახიანი ნიკა მელიას ოფისის დაწვაზე: ასეთი ქმედებები არ შეიძლება იყოს მმართველი გუნდის, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესში

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კახიანი ოპოზიციონერ ნიკა მელიას ოფისის დაწვის საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ „ასეთი ქმედებები არ შეიძლება იყოს მმართველი გუნდის, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესში და ის ყოველთვის დამატებითი სპეკულაციების შესაძლებლობას აძლევს სრულიად დესტრუქციულ, რადიკალურ ძალებს.

„ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას კატეგორიულად ვემიჯნებით და შემთხვევითი არ არის, რომ საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება. იმედი მაქვს დამნაშავე ძალიან მალე იქნება დაკავებული და პასუხისგებაში მიეცემა.

ასე რომ, ხელისუფლება არ შეიძლება იდგეს ყოველივე ამის უკან, ჩვენ საარჩევნო პროცესის დაწყებისას და ყოველთვის, ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებდით სიმშვიდისკენ, პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ - ასეთი ქმედება აზიანებს საარჩევნო გარემოს, ამიტომ, ეს არ შეიძლება იყოს არც ხელისუფლების, არც მმართველი გუნდის, არც საზოგადოების ინტერესში.

ეს არის მხოლოდ მათ ინტერესში, ვისაც სურს, რომ ასეთ ქმედებებზე ვიწრო პოლიტიკური სპეკულაციები წარმართონ, ამიტომ, იმედი მაქვს, ეს საქმე მალე იქნება გამოძიებული და შესაბამისი პირი მიეცემა პასუხისგებაში“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ნიკა მელიას ოფისის დაწვაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია შტაბში არსებული ინვენტარი. მელიას შტაბის ხელმძღვანელი მომხდარს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.