ოპოზიცია ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოს აუცილებელი ნაწილია და ქვეყანა სხვანაირად ვერ განვითარდება, ამასთან ყველა ადამიანს აქვს თავისი პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, თუმცა ეს არ უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესები შეფერხდეს. ერთია როცა საჯარო მოხელეს უქმნი დისკომფორტს და მეორეა, როცა მოქალაქეს კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავ - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს იმედი აქვს, რომ არჩევნების მეორე ტურზე მისულ საზოგადოებას ოპოზიცია „სირცხვილის კორიდორს“ არ მოუწყობს. „სირცხვილის კორიდორები ერთ-ერთი ფორმაა პროტესტის, ერთი საქმეა, როცა ამას საჯარო მოხელეებს უკეთებ, მას ვისაც თმენის ვალდებულება აქვს და მეორე საქმეა, როცა იმ მოქალაქეებს ვისაც არც ეს ვალდებულება აქვს და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სულაც არ იზიარებს ამ პათოსის მოსაზრებას“, - აღნიშნა სერგეენკომ.
„მოქალაქეებისთვის ამ შეფერხების შექმნა საარჩევნო უბნებთან მავნებლურია“, - მიიჩნევს სერგეენკო, მისი თქმით, ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძაფრი დაპირისპირება, იმ ადამიანების მხრიდან ვინც მათ მოსაზრებას არ იზიარებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი“.