არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის უპასუხისმგებლო ლიდერები კოვიდ რეგულაციების დარღვევით საკუთარ მხარდამჭერებს წირავენ

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის უპასუხისმგებლო ლიდერები კოვიდ რეგულაციების დარღვევით საკუთარ მხარდამჭერებს წირავენ

თუ აქტივისტებს მიაჩნიათ რომელიმე რეგულაცია არაკონსტიტუციურად, უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და ის შეაფასებს ამ ყველაფერს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ადამიანებს, რომლებიც მანიფესტაციებში მონაწილეობენ, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევა, მაშინ როდესაც აჭარაში შეიკრიბა ადამიანები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირბადეების გარეშე, მაშინ როდესაც სხვა აქციებზეც წესების დარღვევით შეიკრიბნენ გახსოვდეთ, რომ ამ დროს, ჩვენს ქვეყანაში არიან მოქალაქეები, რომელთაც სჭირდებათ ინტენსიური თერაპია, სჭირდებათ ექიმების ყურადღება. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უპასუხისმგებლო ლიდერები არღვევენ წესებს და თავის მხარდამჭერებსაც კი, მოქალაქეებს წირავენ იმისათვის, რომ ინფექციის მიმართ ჰქონდეთ ნაკლები დაცულობა. გახსოვდეთ, რომ ამ დროს რესურსები არის შეზღუდული და ის სჭირდებათ სხვა მოქალაქეებს, რომლებიც პატივს სცემდნენ ამ წესებს, რომლებიც იცავდნენ რეკომენდაციებს და ცდილობდნენ, რომ თავისი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაეცვათ. ეს არის განსხვავება „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელთავიან ლიდერებსა და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება.