სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზში მომიტინგეები შეიჭრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებს მომიტინგეებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, ონიკ გასპარიანთან შეხვედრას ითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეების დიდი ნაწილი სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის წინაცაა შეკრებილი. ზოგიერთი მედია საშუალება ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეების ნაწილი სამთავრობო შენობაში შეიჭრა.
მოქალაქეები მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად მოაწერა ხელი.