სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა კანონით ეკრძალება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან ფაქტობრივად ხორციელდება რევოლუციური პროცესების არამხოლოდ მართვა, არამედ იმ ინსტიტუტებზე შეტევა, რომელზეც დგას ნებისმიერი სახელმწიფო. ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეს უნდა შეესაბამებოდეს და აქ უნდა ჩაერიოს უკრაინის პრეზიდენტი, ამისთვის საჭიროა კონკრეტული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დოქსოპულოები უწოდა და განაცხადა, რომ „ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ“.
8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.
ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.