წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პირველ ვაქცინას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია. ამის შესახებ BBC იტყობინება. ბრიტანული მედია მონაცემს ეყრდნობა, რომლის თანახმად ვაქცინა 6 ქვეყანაში, 43 500 ადამიანზე უკვე გამოსცადეს.
საუბარია გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე. BioNTech-ისა და Pfizer-ის განცხადებით, 9 ნოემბერი მეცნიერებისა და კაცობრიობისათვის უდიდესი დღეა. კომპანიები გეგმავენ, რომ თვის ბოლოსთვის გააკეთონ განაცხადი ვაქცინის დაუყოვნებლივ დასამტკიცებლად.
ახალი ზელანდიის მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის 1,5 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.