ირაკლი სესიაშვილი: რადიკალური ძალები ცდილობენ პროვოკაციებით და დესტაბილიზაციით ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიონ

ირაკლი სესიაშვილი: რადიკალური ძალები ცდილობენ პროვოკაციებით და დესტაბილიზაციით ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიონ

ჩვენი ოპონენტები ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ისინი ებრძვიან არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს და ინსტიტუტებს, - ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ შემთხვევაში ინსტიტუტები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

„სადაც იქნება დარღვევა, ამაზე ცივილიზებულად ადეკვატური რეაგირება იქნება. დაიცვან საკუთარი თავი და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. პოლიტიკური საკითხები დიალოგით უნდა წყდებოდეს და არა იმის მცდელობით, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინონ. დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციები. კანონის შესაბამისად მიუდგებიან დარღვევებს. რადიკალური ძალები ცდილობენ პროვოკაციებით და დესტაბილიზაციით ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიონ, იმას, რაც არ დაიმსახურეს. არჩევნები წააგეს და უნდათ, ძალადობით ფონი შექმნან, რაც ასე არ გამოვა“, - განაცხადა სესიაშვილმა.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.