იმაზე დიდი პოლიტიკური ნაძირლობა რა უნდა იყოს, როცა ყოფილი პრეზიდენტი ღირსეულ პოლიციელებს დოქსოპულოებს უწოდებს და ახალგაზრდებს მოუწოდებს, სახლში მიუვარდნენ და იძალადონ. ეს არის ძალიან სამარცხვინო საქციელი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი პოლიციელები იცავენ ქვეყანას, წესრიგს, უსაფრთხოებას და თითოეულ ჩვენგანს, რაც არის მათი მოვალეობა და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი. ცხადია, ყველა ასეთ პოლიტიკურ ნაძირლობას პასუხი გაეცემა. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, როცა ხედავს, რომ მხარდაჭერა არ აქვს და ისეთ თავდასხმებზე გადადის, სადაც თავდასხმის ობიექტები არიან ჩვენი ღირსეული ინსტიტუტები, პირველ რიგში, პოლიცია და თავდაცვის უწყება. მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე მძიმე დარტყმაა, რომ პოლიციელები ღირსეულად და კანონის შესაბამისად იცავენ ქვეყანას. ცხადია, ეს მის პოლიტიკურ სურვილს, ძალაუფლებაში მოსვლაზე, პრობლემას უქმნის“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დოქსოპულოები უწოდა და განაცხადა, რომ „ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ“.
8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.
ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.