შეიცვლის თუ არა ოპოზიციის პროტესტი მისამართს. აქციის დაშლიდან რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ პროცესებმა ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს. გიორგი გახარია ამბობს, რომ პოლიტიკურ კრიზისს მთავრობა დაუპირისპირებს ისეთ მეთოდებს, რომლითაც გაიზრდება ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი.
ოპოზიცია, რომელიც ამ მოწოდების მთავარი ადრესატია, გზავნილს პასუხობს და დიალოგისთვის მზადყოფნას აცხადებს, ოღონდ წინაპირობად ხელახალ არჩევნებს აყენებს შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციით:
"კრიზისი გამოიწვია ზოგადად ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო მმართველობამ და კერძოდ ამ არჩევნების სამარცხვინოდ ჩატარებამ. კრიზისის განმუხტვა სხვა რამით ვერ მოხდება, თუ არა ამ არჩევნების საკითხით და ამ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხით, იქნება ეს ცესკო, სხვა უკანონო ძალადობრივი მეთოდები, პოლიტპატიმრები, ეს ყველაფერი არის ამ ქოლგის ქვეშ. ამ არჩევნების სამარცხვინოდ შექმნილი შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნები - ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს და ბუნებრივია ოპოზიციასაც და დიალოგის არათუ წინააღმდეგი არ ვართ, ასეთი კრიზისების განმუხტვა ჯობია დიალოგით მოხდეს ყოველთვის," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძის თქმით, მისი პოლიტიკური ძალა მოლაპარაკებას 3 მნიშვნელოვან საკითხზე აპირებს, ეს არის ვადამდელი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრები:
"ჩვენ ღიად განვაცხადეთ გუშინ რა საკითხებთან დაკავშირებით ვაპირებთ დალაპარაკებას ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მედიატორობის ქვეშ. თუ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ამ საკითხებზე ისაუბროს, ჩვენი ამისი თანხმობა და მზაობა რა თქმა უნდა გვაქვს. ჩვენი მოთხოვნები გაცხადებულია და ყველასთვის ცნობილია, პირველი ეს არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება, არჩევნების ჩატარება მაღალი კვალიფიკაციის და რეპუტაციის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რომელიც სამწუხაროდ დღეს არ გვყავს, რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების გამოშვებაც არის მნიშვნელოვანი საკითხი მოლაპარაკებებზე,"- განაცხადა დავით კირკიტაძემ.
დიალოგამდე წინაპირობების დაყენების წინააღმდეგია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია, მისი თქმით, ეს მოლაპარაკების პროცესს თავიდანვე ძაბავს:
"ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ თუ პირდაპირი საუბარი არ შეგვიძლია ჩვენი მეგობრების მეშვეობით, რაც შეეხება პირობებს, მე არ ვიქნებოდი წინაპირობების დაყენების მომხრე, მოდით დავჯდეთ და დავილაპარაკოთ წინაპირობების გარეშე. თუ რამე გამოჩნდა და გამოჩნდა, იქ დესტრუქცია ხდება ვინმეს მიერ, მერე აღმოვფხრათ , ვიდრე თავიდანვე წინაპირობებით ვილაპარაკოთ, რომელიც მოლაპარაკების პროცესს ძაბავს," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას დიალოგზე წამოსვლა და დათმობები მოუწევს:
"მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, მოგვპარეს ხმები, დაგვარბიეს და გვლანძღავენ, ამის მიუხედავად ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, იმ თემაზე, რაც ეხება ხელახალი არჩევნების ჩატარებას ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ. ბუნებრივია ამას უნდა მოჰყვეს ქალბატონი ჟვანიას გადაყენება, არჩევნებისთვის ნორმალური პირობების შექმნა, მაგრამ მხოლოდ ხელახალი არჩევნები. ეს ხელისუფლება ვერ "გაიპრავებს" იმ უმსგავსობებს, რაც აკეთა მთელი ამ ხნის განმავლობაში. დასრულდება ეს ხელისუფლება, წამოვა, მოუწევს, მე მაქვს ამისი ძალიან კარგი გამოცდილება," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.