ბექა დავითულიანი: ოპოზიციის სცენარი არის ჯაჯგურით წაიღონ ის, რაც ქართველ ხალხს მათთვის არ მიუნიჭებია

ბექა დავითულიანი: ოპოზიციის სცენარი არის ჯაჯგურით წაიღონ ის, რაც ქართველ ხალხს მათთვის არ მიუნიჭებია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულინმა "დღის კურიერის" ეთერში, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის რესურსსა და შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ დიალოგი პრობლემა არ არის, თუკი მოლაპარაკების თემა სწორად არის შერჩეული.

"დიალოგის წარმოება არ არის პრობლემა, თუ დიალოგის თემა და არსი სწორი იქნება. ხალხი არჩევნებზე მივიდა, მილიონამდე ადამიანმა მისცა ხმა "ქართულ ოცნებას" და არც ოპოზიციისთვის მიუცია ჯამურად ცოტა ადამიანს ხმა. მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით, მმართველმა პარტიამ მოიპოვა უპირატესობა. ჩვენ ვამბობთ, რომ იქნება მეორე ტური, პარალელურად დაიწყება საჩივრები და განიხილება. ამ დროს კი, ცესკოსთან ესკალაციის პროცესები მიმდინარეობს. ცესკოში შეჭრას ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქონოდა, რომ გაანადგურონ არჩევნების რეალური სურათის მტკიცებულება. სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეს შეჭრას,"- აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანი ასევე აცხადებს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ხალხის ნების აღსრულება და ოპოზიციის მიერ ჩატარებული სამართლებრივი პროცედურები იქნება. 

ამასთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლის თქმით, ოპოზიციის სცენარი არის ის, რომ ჯაჯგურით წაიღონ ის, რაც ქართველ ხალხს მათთვის არ მიუნიჭებია.

"ოპოზიციის სცენარი არის ის, რომ ჯაჯგურით წაიღონ ის, რაც ქართველ ხალხს მათთვის არ მიუნიჭებია. რამდენი ათასი ადამიანიც არ უნდა შეიკრიბოს ქუჩაში, მილიონი ადამიანის ნებას ვერ შეცვლიან. ჩემთვის პარლამენტში და პოლიტიკაში ერთადერთი მისაღები ფორმა ის არის, რომ ქართველი ხალხის არჩევანის პროპორციულები ვიყოთ. არ გვინდა არც ერთი ხმით მეტი - მითვისებული და არც ნაკლები არავისი. დღეს თუ პარლამენტი ერთპარტიული იყო, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.