მოსალოდნელია თუ არა დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიციის გეგმა არის მწვავე პროტესტი და ასევე კომუნიკაცია პარტნიორებთან. მისი განცხადებით, ოპოზიციას არ აქვს უკან დახევის მორალური უფლება, რადგან მოქალაქეების ხმები არის დასაცავი. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით დიალოგის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. როგორ ხატია დეკანოიძემ განაცხადა პარტნიორებმა ოპოზიციის მოთხოვნები კარგად იციან და შესაბამისად ოპოზიციაც დიალოგს მაშინ დათანხმდება, თუ ხელისუფლებას კონკრეტული წინადადებები ექნება, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს, საარჩევნო პროცესის თავისუფალ ადმინისტრაციას და თამარ ჟვანიას გადადგომას:
"ხელისუფლება ოდნავ მაინც რომ უფრთხილდებოდეს ადამიანების ხმას და კონსტიტუციურ უფლებას, რა თქმა უნდა, ისინი გაიზიარებდნენ ჩვენ მოთხოვნებს. მაგრამ არა იმისთვის, რომ რაღაცა მოლაპარაკების ილუზია შექმნას ხელისუფლებამ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ილუზორული მოთხოვნები და წარმოდგენები არის ხელისუფლების სასიკეთო თამაში. თუ რაიმე კონკრეტული წინადადებები აქვს ხელისუფლებას, რაც ეხება ახალ არჩევნებს, საარჩევნო პროცესის თავისუფალ ადმინისტრაციას, თამარ ჟვანიას გადადგომას, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები მოისმენენ. თუ არაფერი და კიდევ საუბრობენ მოლაპარაკებაზე და მეორე ხელით დაგვიშინეს წყლის ჭავლს, ეს არ ნიშნავს რომ რაიმე სახის კომუნიკაციას აპირებენ მოქალაქეებთან,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძემ ასევე დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად გამოცხადებული რეგულაციისა, რომელიც 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს, მან ვერ ნახა ვერც შესაბამისი განკარგულება და ვერც დადგენილება. ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ეს მოქალაქეებზე ზეწოლისა და შეზღუდვის მიზნით ხდება, ამიტომ ის ამ რეგულაციაზე დამორჩილებას არ აპირებს:
"მე პირადად არ ვაპირებ დავემორიჩილო ბიძინა ივანიშვილისა და მისი დამქაშების ზეპირად ჰაერში გასროლილ რაღაცა კანონებს. სად წერია, რა სამართლებრივი სტატუსი აქვს,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.