ამირან გამყრელიძე: ასეთი დიდი თავშეყრები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ქვეყანაში და ამას ერთი კვირის შემდეგ დავინახავთ

ამირან გამყრელიძე: ასეთი დიდი თავშეყრები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ქვეყანაში და ამას ერთი კვირის შემდეგ დავინახავთ

ჩვენ ვართ პანდემიის პერიოდში. ასეთი დიდი თავშეყრები და შემდგომ უკვე უმართავი, დაუცველი პროცესები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ქვეყანაში და ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის შემდეგ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

იგი 8 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა, თუმცა დაცული უნდა იყოს ბალანსი.

„მოგეხსენებათ, რომ გამოხატვის თავისუფლება ეს არის ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი უპირველესი, მაგრამ გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღალი უფლება არის ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ ავუკრძალავთ და არ აუკრძალავთ, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ამასთან ერთად დაცული უნდა იქნეს ის ყველა პრევენციული ღონისძიება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

8 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.