„მსურს, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელის, რობერტ ლაითჰაიზერის წერილის პათოსს. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) ოფისის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ, დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგების საფუძველზე, GSP-ის (Generalized System of Preferences – პრეფერენციების განზოგადებული სისტემა) პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განხილვის პროცედურის წარმატებული ხასიათი, რაც არის პირდაპირი გზავნილი ამერიკელი ინვესტორებისათვის, აქტიურად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში,“ - ნათქვამია ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის პოსტში, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროგრესის მიღწევა შესაძლებელი გახდა 2013-2020 წლებში შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმების აღდგენის, ასევე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის ახალი რეგულაციების მიღების, სრულუფლებიანი შრომის ინსპექტორატის აღდგენის საკანონმდებლო ცვლილებების მიღების თვალსაზრისით.
„აღსანიშნავია, რომ 2010 წელს, სწორედ ნაციონალების ზეობისას საქართველოსთვის GSP რეჟიმის შეჩერების შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ–ის პროფკავშირებმა პეტიციით მიმართა, რადგან საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსის საერთაშორისო კანონმდებლობასთან აცდენის გამო, საქართველო აშშ–სთან GSP სისტემით დაწესებული სავაჭრო შეღავათებით ვეღარ ისარგებლებდა. ესეც კიდევ ერთი ფაქტია, ნაციონალების დროს პროპაგანდირებულ ვითომდა „ეკონომიკურ სასწაულზე“, რომელიც ადამიანის და შრომის უფლებების უხეში დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა!“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
„საქართველოსთან მიმართებაში ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის ევრო-ატლანტიკური კურსის ურყეობას, სწორ სტრატეგიას პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდებში, მოახდინოს ეკონომიკის და კერძოდ ექსპორტის დივერსიფიკაცია, გლობალური ბაზრების ათვისების კუთხით. მით უმეტეს, როდესაც აშშ წარმოადგენს მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკას, როგორც ამ ქვეყნის ბაზარზე იმპორტის ზრდის პერსპექტივის, ასევე ახალი ინვესტიციების მოზიდვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რადგან აშშ დღემდე რჩება უმსხვილეს საინვესტიციო პლათფორმად მთელ მსოფლიოში!“ - აღნიშნა ექსპერტმა.
ცნობისათვის, GSP, აშშ-ის სავაჭრო პრეფერენციათა ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი პროგრამა, შექმნილია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით და 119 ბენეფიციარ ქვეყანასა და ტერიტორიას შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს 3500 დასახელების საქონლის აშშ-ში ექსპორტი საბაჟო გადასახადის გადახდის ვალდებულების გარეშე.