ზვიად კუპრავა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას გამორიცხავს

ზვიად კუპრავა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას გამორიცხავს

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციები მშვიდობიანი იქნება.

ზვიად კუპრავა გამორიცხავს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას.

„მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით დავიცავთ ჩვენს ხმებს და ჩვენი მოქალაქეების ხმებს. აქცია მასშტაბური იქნება და არ შეწყდება მანამ, სანამ საქართველოში ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ PIA.GE-სთან საუბრისას.

რაც შეეხება გუშინ, 6 ნოემბერს უკრაინული გამოცემა obozrevatel.com-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაზე საუბრობენ, ამასთან დაკავშირებით ზვიად კუპრავა ამბობს:

„მსგავსი ფალსიფიცირებული მიყურადებები არ არის საინტერესო და არ შევალ ამ განხილვაში, არ მაინტერესებს და იმიტომ. არ არის ჩემთვის საინტერესო სამზარეულოში ვინ რას ლაპარაკობს და ვინ რას ჩურჩულებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ოფიციალური განცხადებები, ოფიციალური პოზიციები. მსგავსი ტიპის ოფიციალური განცხადება კი არ ყოფილა“, -აღნიშნა ზვიად კუპრავამ.

ინფორმაციისთვის, 8 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს.