ლევან რატიანი კორონავირუსზე: ეს დაავადება არის სახადი, ამ ეპოქაში მცხოვრებმა კაცობრიობამ ეს ინფექცია უნდა მოიხადოს

ლევან რატიანი კორონავირუსზე: ეს დაავადება არის სახადი, ამ ეპოქაში მცხოვრებმა კაცობრიობამ ეს ინფექცია უნდა მოიხადოს

26 თებერვალს, როცა პირველი პაციენტი გვყავდა, მთელმა ქვეყანამ ზარი შემოსცხო, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. დაავადების შესახებ, მეტ-ნაკლებად, წაკითხული გვქონდა, თორემ პრაქტიკა არ გვქონდა და როცა რაოდენობა 10-ს, 15-ს, 20-ს გასცდა, უკვე ძალიან დაბნეულები ვიყავით, მაგრამ გამოცდილებას საექიმო საქმიანობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მართალია, მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს არაფერს ნიშნავს. დღეს 2 800-ს გასცდა. ეს არაა მცირე ციფრი, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ციფრია. ეს ნიშნავს, რომ დაავადების გავრცელების მაქსიმალური რაოდენობაა და თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლებელია, მეტად გაიზარდოს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

„ექიმები სულ ვამბობდით, რომ ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ზრდის მატება ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა პირდაპირ იზრდება. ახალ კორონავირუსს ახასიათებს ერთი რამ: შესაძლებელია, ადამიანი იყოს ინფიცირებული, მაგრამ არ იყოს დაავადებული. მართალია, ეს 100-დან 80% შემთხვევაშია, როცა, შეიძლება, ვიყოთ მხოლოდ ინფექციის მატარებელი და არა დაავდებული, მაგრამ 20% შემდეგნაირად ნაწილდება - არსებობს საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკული პაციენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთა რაოდენობა COVID-19-ით დაავადებულთან. ამიტომ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელია. ფაქტი სახეზეა, ეს გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეს დაავადება არის სახადი. ამ ეპოქაში მცხოვრებმა კაცობრიობამ ეს ინფექცია უნდა მოიხადოს“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 54 852 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 773-ს შეადგენს. გარდაიცვალა 441 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.