ივანიშვილის პროპაგანდისგან მორიგ ჯერზე ეს სამარცხვინო ამბავი, საუბარი რაღაც ძალადობრივ გეგმაზე, იმდენად მომაბეზრებელი გახდა, დასაცინი იქნებოდა, რომ არა გაყალბებული არჩევნების შედეგად ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტელეკომპანია „იმედის" მიერ უკრაინულ „ობოზრევატელზე" დაყრდნობით გავრცელებულ ჩანაწერებს.
ბოკერიას განცხადებით, მსგავსი ჩანაწერების გავრცელება ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილია.
მისივე თქმით, ეს სიბინძურის წახალისებაა ისევე, როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება და შემდეგ ამაზე მედიის დღისწესრიგის აგება.
მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს არსებობდა, კი არ აღმოიფხვრა, არამედ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
„პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა, კი არ აღმოიფხვრა, არამედ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის საკუთარი გუნდის შიგნით, უბინძურესი ფორმით გამოიყენება მთელი ამ წლების განმავლობაში, მთელი საზოგადოებისთვის რაღაც დამცინავი ფორმით, რაღაც უკრაინულ ვიკილიქსზე დადებით. მერე აქ პროპაგანდისტული ორგანოები ამას აიღებენ და გამოძიებაც იწყება ხოლმე. სამარცხვინო ამბავია, ეს არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, აღარასდროს უნდა განმეორდეს საქართველოში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.