დემოკრატები ტრამპის Twitter-ის გვერდის გაუქმებას ითხოვენ

დემოკრატები ტრამპის Twitter-ის გვერდის გაუქმებას ითხოვენ

დემოკრატი კანონმდებლები საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის დასრულებამდე დონალდ ტრამპის თწიტტერ-ის გვერდის გაუქმებას ითხოვენ.

„შეაჩერეთ ეს დეზინფორმაცია Twitter-ზე. ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან. ეს შეერთებული შტატებია და არა რუსეთი“, - წერს წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერი კონოლი Twitter-ის გვერდზე.

ანალოგიური ინიციატივით გამოდის პალატის კიდევ ერთი დემოკრატი წევრი დევიდ ჩიჩილინე, რომლის თქმითაც, პრეზიდენტის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტები სახიფათოა და ამერიკულ დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.

ბიულეტენების დათვლის პროცესში ტრამპმა სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის დემოკრატებს ხმების მიტაცებაში ადანაშაულებს და რამდენიმე შტატში ხმების დათვლის შეჩერებას მოითხოვს.

ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე დღეს კვლავ უცნობია, თუ ვინ გაიმარჯვა არჩევნებში და ვინ შევა თეთრ სახლში. შტატებში ისევ გრძელდება ხმის დათვლა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება ეს პროცესი. განახლებული პროგნოზით, რომესაც „ფოქს ნიუსი“ აქვეყნებს, ბაიდენს კვლავ 264 საარჩევნო კოლეგიის ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 214.

ჯო ბაიდენს დამატებით 6 დელეგატის ხმა სჭირდება იმისთვის, რომ მოიგოს, ამიტომ ახლა ყველაზე დიდი ყურადღება დელავერის შტატისკენაა მიმართული, რომლის ხმების 80% დათვლილია და აქ სწორედ ჯო ბაიდენი ლიდერობს. ამ შტატის მოგების შემთხვევაში, ქვეყნის პრეზიდენტი დემოკრატი ბაიდენი ხდება.

არიზონას შტატში დონალდ ტრამპმა დამატებით 42 000 ხმა მიიღო და ჯო ბაიდენთან სხვაობა შეამცირა, ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელების კანდიდატი ჯო ბაიდენს მხოლოდ 46 ათასი ხმით ჩამორჩება. დასათვლელია 200 000 ბიულეტენი.