აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი გახსნილი საარჩევნო უბნის შედეგები უკვე ცნობილია

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი გახსნილი საარჩევნო უბნის შედეგები უკვე ცნობილია

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი გახსნილი საარჩევნო უბნის შედეგები უკვე ცნობილია. ნიუ-ჰემპშირის შტატში, დიქსვილ ნოტჩის დასახლების ხუთივე მცხოვრებმა ხმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს მისცა.

1960 წელს ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, პირველი საარჩევნო უბანი დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში იხსნება. არჩევნების ღამით ჩატარების ტრადიციას 1960 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც დიქსვილ ნოტჩის ყველა მცხოვრები, რომელსაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდა, სოფლის ერთ-ერთ შენობაში შეიკრიბა. მაშინ ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთში დასრულდა.

დიქსვილ ნოტჩის გარდა, შუაღამით საარჩევნო უბნები ნიუ-ჰემფშირის კიდევ რამდენიმე დასახლებაში გაიხსნა.

შტატის კანონმდებლობა უფლებას აძლევს დასახლებებსა და ქალაქებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 100 ადამიანს არ აღემატება, საარჩევნო უბნები შუაღამეს გახსნან და მას შემდეგ დახურონ, რაც არჩევნების რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 100% მიიღებს მონაწილეობას.

დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.