დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებში ლოკდაუნის გამოცხადებით უკმაყოფილოა

დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებში ლოკდაუნის გამოცხადებით უკმაყოფილოა

აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილოა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებით. ამის შესახებ მან მიჩიგანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ევროპამ დრაკონული „ლოკდაუნები“ ადრეც დააწესა, მაგრამ ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მაინც იზრდებოდა. ახლა ეს ყველაფერი თავიდან უნდა გაიმეორონ. რა ჯანდაბას აკეთებენ?! ალბათ, სჯობს წავიდე და დაველაპარაკო“, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ავსტრიამ და საფრანგეთმა ახალი შეზღუდვები დააწესეს. კარანტინის რეჟიმის შემოღებას აპირებს დიდი ბრიტანეთიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.