ცესკოს მონაცემებს ოპოზიცია გაყალბებულს უწოდებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. პირველი აქცია 1 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 16:00 საათზეა დაანონსებული. აქვს თუ არა ოპოზიციას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ორგანიზების პოტენციალი და რას უნდა ველოდოთ 16:00 საათზე დაანანსებულ ოპოზიციის აქციაზე - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ ჩვენი საზოგადოება მზარ არ არის, რომ მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდეს.
„დღეს ალბათ ხალხი შეიკრიბება. თუმცა, ჩვენი საზოგადოება მზად არ არის იმისთვის, რომ საპროტესტო ტალღა აგორდეს - ისეთივე, როგორი მასშტაბურიც არის ბელარუსში და არც იმ დონის საპროტესტო ტალღა, როგორიც საქართველოში 2003 წელს იყო. მოსახლეობაში ოპოზიციას ასეთი საყრდენი არ აქვს. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ პროტესტი რაღაც დროში გაგრძელდება. ამ პროტესტში მონაწილეობა იქნება მხოლოდ პოლიტიკური პარტიული აქტივის დონეზე და არა უფრო მეტი.
„მგონია, რომ საპორტესტო მოძრაობა დიდხანს ვერ გასტანს. ამასთანავე, შეიძლება, თუ ოპოზიციამ არ იმუშავა სწორად და არ შეაფასა არსებული ვითრება, ისეთი რამეც მოხდეს, რომ 2024 წლამდე კი არა, 2030 წლამდეც დარჩეს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში.
„ოპოზიციამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება, ის სოციალური პრობლემები, რაც გვაქვს. არ ვამბობ, რომ საპროტესტო ტალღა არ უნდა ააგოროს ან პროტესტი არ უნდა გამოხატოს, თუმცა არსებული სიტუაცია საკმაოდ მაღალ დონეზე უნდა გაითვალისწინოს", - განაცხადა ძაბირაძემ.