მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ოქმებზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი აქვთ მოწერილი.
კობახიძის განმარტებით, თითოეულ უბანზე კომისიის 12 წევრიდან სამი ოპოზიციის მიერაა დანიშნული. ირაკლი კობახიძის თქმით, ოქმის შედგენის დროს, მას ეწერება ხელი, იგზავნება ოლქში და ცესკო-ში.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შესაბამისად, „ოპოზიციის მიერ ყველაფერი ხელმოწერილია“.
„საქართველოს მასშტაბით ყველა უბანზე არის კომისიის 12 წევრი, საიდანაც სამი არის დანიშნული ოპოზიციის მიერ, იქ არიან დამკვირვებლები და წარმომადგენლები. ოქმებს ხელს აწერენ ოპოზიციის წარმომადგენლები. როდესაც ოქმი დგება, ეწერება ხელი, იგზავნება ოლქში და ცესკო-ში, თქვენ რასაც ხედავთ, ყველაფერი ხელმოწერილია ოპოზიციის მიერ. საკუთარ ხელმოწერებს არ ენდობიან? ნუ, ეს სასაცილოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.