ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ის გუნდი, რომელიც მომავალს და მომავლის მშვიდობიან პროგრესულ უზრუნველყოფას ყველაზე უკეთ მოახერხებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2016 წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა არის გაზრდილი, რასაც ყველა კვლევა ადასტურებს
თალაკვაძის განმარტებით, 2012 წლის არჩევნები, არ შეიძლება შეადარონ 2016 წლის ან 2020 წლის არჩევნებს, ვინაიდან მაშინ ხორციელდებოდა მოქალაქეებზე ზეწოლა.
„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ 2012 წელს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ჰქონდა გაცილებით მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე ეს არჩევნებში დაფიქსირდა, რადგან იყო არჩევნების გაყალბება, მოქალაქეებზე ზეწოლა. გახსოვთ, ჩვენ შევძელით, მოგვეპოვებინა გამარჯვება და მშვიდობიანი ცვლილებების უზრუნველყოფა მომხდარიყო. შესაბამისად, ეს არ იყო ის არჩევნები, რომელიც უნდა შევადაროთ 2016 ან 2020 წლის არჩევნებს. რაც შეეხება შემდგომ არჩევნებს, 2016 წელთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და პარტიის მხარდაჭერა არის გაზრდილი, ამას ყველა კვლევა ადასტურებს. ეს არის განპირობებული იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ჰყავს გაცილებით ძლიერი, კონსოლიდირებული გუნდი და რაც მთავარია, ჩვენ მიერ განხორციელებული და შესრულებული სამუშაო მოქალაქეების მხრიდან სათანადოდ ფასდება. ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეს არის ადამიანზე ზრუნვა, მისი უფლებების დაცვა, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, ახალი ინფრასტრუქტურა ქვეყანაში და ეს არის წარმატებები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს დღეს ყველაზე მეტად აინტერესებთ მომავალი, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მომავალს და მომავლის მშვიდობიან პროგრესულ უზრუნველყოფას ყველაზე უკეთ მოახერხებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.