უკრაინელი დეპუტატების დამკვირვებლების სტატუსით საქართველოში ვიზიტის გაუქმების დეტალები გახდა ცნობილი

უკრაინელი დეპუტატების დამკვირვებლების სტატუსით საქართველოში ვიზიტის გაუქმების დეტალები გახდა ცნობილი

უკრაინაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს დამკვირვებლების სტატუსით საქართველოში ჩამოსვლაზე რადას დეპუტატებს უარი ქართულმა მხარემ უთხრა. კიევში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში მიიღეს.

რადას დეპუტატმა, პარტია „ხალხის მსახურის“ წევრმა ოლეგ სენინსკიმ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით წასვლის შესახებ შეთავაზება ერთი კვირის წინ მიიღო, თუმცა შემდეგ გამგზავრების ორგანიზატორებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. „ჩვენი დელეგაცია შედგებოდა 40 კაცისგან, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ოფიციალურ დონეზე დამკვირვებლები საქართველოში. ჩვენი ჯგუფიდან მე და ალექსანდრ გორენიუკი შეგვარჩიეს საქართველოში წასასვლელად. ეს დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. სიამოვნებით დავთანხმდით მაგრამ, როცა ამ ვიზიტის ორგანიზების პროცესი დაიწყო, შევნიშნეთ ორგანიზების ხარვეზები. ჩვენამდე მოვიდა შემდეგ არაოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიის მიწვევით ჩავდიოდით. შემდეგი პრობლემა კი გამოვლინდა იმაში, რომ ეს რეისი უნდა ეჩუქებინათ ჩვენთვის. ანუ ჩვენ არ მოგვიწევდა მგზავრობის საფასურის გადახდა ანუ ჩვენს სახელმწიფოსთან და კორუფციის სააგენტოსთან გვექნებოდა პრობლემა. ამ ნიუანსების გათვალისწინებით ჩვენ თავი შევიკავეთ საქართველოში გამომგზავრებისგან. ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ და გადავწყვიტეთ რომ რეისი არ შემდგარიყო, რადგან ჩვენი ჩამოსვლა არ გამოყენებულიყო ამომრჩეველზე ზეწოლად.ამიტომ თავის შეკავება ვარჩიეთ“, - განაცხადა ოლეგ სენინსკიმ.

მისი თქმით, არავის არ აქვს უფლება ამომრჩეველზე გავლენა მოახდინოს. „ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ჯგუფი და თუ ჩვენი კოლეგები მოგვიწვევდნენ, საქართველოში სიამოვნებით ჩავიდოდით“, - განაცხადა სენინსკიმ.

დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ სიცრუა, თითქოს საქართველოში უკრაინელ დამკვირვებელთა დელეგაციას არ უშვებენ.

იქამდე, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულ დელეგაციას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაკვირვებოდა, საქართველოში არ უშვებენ. „უკრაინული „რადას" ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციას, საქართველოსგან არჩევნებზე დაკვირვების ფორმალური თანხმობა ჰქონდა, თუმცა მათი ჩარტერული რეისი მოულოდნელად გაუქმდა. 50-კაციანი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხს გვიან ღამემდე აეროპორტში ელოდა და საბოლოოდ, უარი მიიღო“, - ასე გააშუქა მედიამ აღნიშნული მოვლენა.

ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.