„იფსოს საფრანგეთის“ კვლევების დირექტორი „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან კომპანიის კავშირს უარყოფს

„იფსოს საფრანგეთის“ კვლევების დირექტორი „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან კომპანიის კავშირს უარყოფს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამ დრომდე ცდილობს უარყოს, ის, რასაც ეგონა, რომ დამალავდა, მაგრამ უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიაგნეს და „იმედმა“ გაავრცელა. საუბარია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლზე, რომლის შესახებ ბევრი კითხვა არსებობს და პასუხები არ ჩანს. „იმედის“ მცდელობის მიუხედავად, კომპანიის არც ერთი წარმოამდგენელი კონტაქტზე არ გამოდის.

„მთავარი არხი“ ცდილობს, „იმედი“ დაადანაშაულოს იმაში, რაშიც მიხეილ სააკაშვილის მედიამენეჯერი უკრაინელმა ჟურნალისტებმა ამხილეს. გვარამიამ ჯერ სტატუსი გამოაქვეყნა, შემდეგ კი მისივე დაკვეთილი კვლევის შემქმნელები გამოიყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ „იმედი“ ფეიკნიუსს ავრცელებს.

„მთავარი არხის“ თავის მართლებისა და „იმედის“ დადანაშაულების პროცესში ვერ მივიღეთ პასუხები კითხვებზე, რაც ნათელს გახდიდა, ვინ ასრულებს საქართველოში საველე სამუშაოებს, რატომ იმალება უკრაინელების ჩართულობა, რატომ ატარებს კვლევას ორგანიზაციის უკრაინული ოფისი და რა ინფორმაცია მიაწოდა სააკაშვილს „იფსოს უკრაინამ“.

კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ipress-მა გამოაქვეყნა „იფსოს საფრანგეთის“ კვლევების დირექტორის, მეთიუ გალადის კომენტარი, რომელშიც ის „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან „იფსოს საფრანგეთის“ კავშირს უარყოფს.

„მე შემიძლია დავადასტურო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის ჩვენმა ადგილობრივმა ფილიალმა, „იფსოს უკრაინამ” ჩაატარა გამოკითხვები საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამასთან, „იფსოს საფრანგეთი“ არ მონაწილეობდა ამ კვლევებში. თუ დამატებითი დეტალები გჭირდებათ ამ გამოკითხვებთან დაკავშირებით, გირჩევთ პირდაპირ დაუკავშირდეთ ჩემს კოლეგებს უკრაინაში“ - აცხადებს მეთიუ გალადი.