პოპ–პორტრეტები: Grand Funk Railroad - ტრიო ლოკომოტივის ენერგეტიკით

პოპ–პორტრეტები: Grand Funk Railroad - ტრიო ლოკომოტივის ენერგეტიკით

როგორც გლობალური ფენომენი, ამერიკული ჰარდ-როკი მაინცდამაინც დიდი აღიარებით ვერ დაიკვეხნის. სამაგიეროდ რამდენიმე ცნობილმა ჯგუფმა, რომელთა შესახებაც თუნდაც ევროპაში ნაკლებადაა ცნობილი, ჩვენთან იმთავითვე პოპულარობა დაიმკვიდრა და მსმენელიც დღემდე ბჭობს მათი შემოქმედების შესახებ.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი Grand Funk Railroad გახლავთ. ამერიკისათვის დამახასიათებელი გასული საუკუნის 60-ების მიწურულის წარმომადგენელთაგან განსხვავებით, Grand Funk საკმაოდ განსხავავებულად ჟღერდა. აქ არ შეხვდებოდით ვირტუოზ გიტარისტსა თუ რაიმე ტიპის გამზადებულ რეცეპტს. რეპერტუარი ჯგუფის ლიდერ მარკ ფარნერს საკუთარი დაკვრის შესაძლებლობებზე ჰქონდა მორგებული, რასაც ზურგს უმაგრებდა დრამერ დონ ბრიუერისა და ბასისტ მელ შაჩერის ვირტუოზი რიტმ სექცია, რომელიც იმდენად განსხვავებულად უკრავდა, რომ თუნდაც ჯგუფ Three Dog Night-ის წევრთა აზრით, ასე დაკვრას ჯობდა, რომ საერთოდ არ დაეკრათ...

ანუ Grand Funk Railroad თავიდანვე წინააღმდეგობაში აღმოჩნდა როგორც იმ პერიოდში დამკვიდრებული ჯენის ჯოპლინის, Jefferson Airplane-სა თუ Quicksilver Messenger Service-ის საუნდთან, არამედ ზოგადად დაკვრის პრინციპთან. კოლექტივს სხვადასხვა მუსიკოსებთან ერთად, კრიტიკაც კრიჭაში ედგა. აღფრთოვანებული კი მხოლოდ პუბლიკა ჩანდა, ვინც შემოინახა კიდეც თითქმის 10 წლის განმავლობაში შემდგომში ამერიკულ ლეგენდად ქცეული კოლექტივი Grand Funk Railroad, რომელიც მიჩიგანის შტატის პატარა ქალაქ ფლინტში დააარსდა.

ჯგუფის პირველმა პროდიუსერმა ტერი ნაიტმა კი განაპირობა ტრიოსთვის ისეთი განუმეორებელი ჟღერადობა, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა ჯგუფის დაარსების პერიოდში უკვე კარგა ხნის სახელმოხვეჭილი ტრიოების - Jimi Hendrix Experience-სა და Cream-ის ჟღერადობისაგან.

პირველ ალბომ On Time-ში, ათივე სიმღერის ავტორი, ახალგაზრდა და თითქოს მაინცდამაინც ღრმა მუსიკალური განათლების არმქონე გიტარისტი და მომღერალი მარკ ფარნერი გახლავთ. ისტორიამ სადებიუტო ალბომი მრავალი ფალშისა და ტექნიკური წუნის მიუხედავად, ოქროს ასოებით შემოინახა როკ მუსიკის საგანძურში. ნაწარმოების სიცოცხლისუნარიანობა კი განსაკუთრებით კარგად უკვე საკონცერტო დისკოგრაფიაში აისახა, რომლის არაოფიციალური თუ ოფიციალური ალბომების ჩამონათვალიც, დროთა განმავლობაში, სულ უფრო მატულობს. On Time -ის გამხსნელი როკ’ნ’როლი Are You Ready და „ლირიკული“ Heartbreaker, ჯგუფის მუდმივ საკონცერტო ნომრებად იქცნენ. მათ T.N.U.C-იც უნდა დავუმატოთ, რომლის შთამბეჭდავი დრამ სოლო, დონ ბრიუერის უშრეტი ენერგიის სცენაზე ფეთქების ეტალონად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ მარკ ფარნერის კომპოზიტორული ტალანტი, სრულიად ახლებური ამერიკული მელოდიზმის განსახიერებად იქცა.   Grand Funk ტრიოს რეპერტუარისთვის უცხოა კლასიკური მუსიკის ელემენტები, ასევე მალულადაა წარმოდგენილი ამერიკული ჯგუფებისათვის შესისხლხორცებული ჯაზის, ბლიუზისა, თუ განსაკუთრებით ქანთრის ელემენტები. არადა კოლექტივში თეთრკანიანი მუსიკოსები უკრავდნენ და წერდნენ სიმღერებს. განსაკუთრებით ტრიოს პერიოდში, ჯგუფის რეპერტუარზე მუსიკალური სტილების „მომრგებ-მომთვინიერებლად“, მარკ ფარნერის კომპოზიტორული ტალანტი გვევლინება.  

მეორე ალბომი Grand Funk, წინამორბედთან შედარებით, გაცილებით მაღალ დონეზეა ჩაწერილი და შეიძლება ითქვას, რომ აქ უკვე ნაპოვნია ის განუმეორებელი საუნდი, რომელიც აგრერიგად განასხვავებდა Grand Funk Railroad-ს ნებისმიერი სხვა ჯგუფისაგან. ბას გიტარის სიმკვეთრის, მოტორული მჭაქე დრამებისა და მათზე მორგებული მარკ ფარნერის საკმაოდ  მოუხეშავი დაკვრისა და უკომპრომისო ვოკალის ფონზე, მსმენელი უცნაურ სილაღეს შეიგრძნობს გამოკვეთილ ჰარდ როკ ჰიმნებში Got This Thing on the Move, Winter and My Soul, Paranoid... In Need -ის ფინალი კი მარკ ფარნერის დღესდღეობით არქაულ სოლო გიტარ ოსტატობას ეთმობა, რაც სრულ ვაკხანალიაში გადადის იმ ცნობილ ორდისკიან ლაივ ალბომში, რომლის ტურნეშიც  Grand Funk Railroad-მა ბილეთების გაყიდვის სისწრაფით, თვით The Beatles-ის რეკორდი მოხსნა. მეორე ალბომი Animals-ის სიმღერის Inside Looking Out გადაკეთებულმა ვერსიამ დააბოლოვა. სიმღერა არანაირად ჰიტურ განზომილებებში არ ჯდება, რადგანაც საკმაოდ მძიმე მოსასმენია და მოუმზადებელი ყურისთვის ვრცელი ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, მომაბეზრებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. მით უფრო დასაფასებელია ფარნერისა და ბრიუერის მიდგომა ზოგადად როკ მუსიკასთან, როდესაც ასეთი სიმღერა, მუდმივ საკონცერტო ჰიტად აქციეს. ვოკალ პარტიის შემდეგ, ამ სიმღერაში მუსიკოსები ხანგრძლივ სოლოებს უკრავდნენ გიტარასა და ტუჩის ჰარმონიკაზე. საბოლოოდ კი ვოკალის ძირითადი თემის დასრულების შემდეგ, სიმღერის საკონცერტო ქრონომეტრაჟი, ზოგჯერ 20 წუთსაც კი აღემატებოდა ხოლმე.

მომდევნო ალბომ Closer to Home-შიც რვავე კომპოზიციის ავტორი მარკ ფარნერია. ალბომმა მთლიანობაში პირველი ორი ალბომის გზა განავრცო, ხელწერა აბსოლუტურად შეინარჩუნა და საბოლოოდ მხოლოდ ორიგინალობების თანხლებით შეიქმნა მათგან განსხვავებული. აქ მძლავრი  Sin's a Good Man's Brother-ის გვერდით, გვესმის მარკ ფარნერის კლავიშებით გაფორმებული ნაზი და მელანქოლიური Mean Mistreater, რომლის კულმინაციის მომენტი, ალბათ შეგვიძლია Grand Funk ტრიოს ხელწერის ეტალონად მივიჩნიოთ. განსაკუთრებით ძვირფასია ალბომის დამაბოლოვებელი ნაწილი.  Hooked On Love ჰიპური ხელწერის, ფარნერ-ბრიუერ მისამღერ-ვოკალ-დიალოგის და უმშვენიერესი ჰარდ როკული სვლების განხორციელების საფუძვლად იქცა, ხოლო Closer to Home-ში კი მარკ ფარნერმა სიმფონიურ ორკესტრსაც უხმო, რათა ყველასათვის ეჩვენებინა, თინნეიჯერები აღარ ვართო...

სიმფონიურ ორკესტრს Grand Funk Railroad-მა ალბომ E Pluribus Funk-ში,  Loneliness-შიც მოუხმო. აქ მარკ ფარნერი უკვე შვიდივე სიმღერის ავტორია. ამ სიმღერებს თუ სიმღერების აქამდე გაკეთებულ ჩამონათვალსაც დავუმატებთ და საბოლოოდ ფარნერის ღვაწლს 1979-1976 წლებში ჩაწერილ ათ ალბომზე გადავანაწილებთ, მივხვდებით, რომ ჰარდ როკის ისტორიაში გაგვიჭირდება მსგავსი ნაყოფიერებით გამორჩეული სოლო კომპოზიტორის აღმოჩენა. Footstompin' Music მგზნებარე როკ’ნ’როლია ფარნერის ეფექტური ჰამონდითა და გიტარის პარტიაზე უნისონში აყოლილი მისივე ნამღერით;  People, Let's Stop the War არსით ანტისაომარია, საკმაოდ მძიმე და იმავდროულად როკული სიმყუდროვის მომტანი, იგი მაფრენ Upsetter-ში გადადის, რომლის მთავარი გმირის განწყობას, მძიმე როკ’ნ’როლის საფინალო ინსტრუმენტული ვაკხანალია გადმოგვცემს. I Come Tumblin'-ში კი ჰარდ როკ კომპოზიციებში, ვინძლო ყველაზე ეფექტურადაა ჩართული დონ ბრიუერის ჯღავილების ფონზე, სტუდიური დრამ სოლო.

E Pluribus Funk, ჯგუფის მრავალი მოყვარულის აზრით, Grand Funk Railroad-ის უძლიერესი ნამუშევარია, თუმც ვერდიქტის გამოტანა ჯგუფისათვის ამ თვალსაზრისით, როდესაც ცოტა ხანში მათ მეოთხე მუსიკოსიც შეემატათ, ალბათ მთლად გამართლებული არ იქნებოდა.

აბსოლუტურად განზე მდგომია E Pluribus Funk -ის წინა სტუდიური ნამუშევარი Survival. აქ ორი ქავერი - Traffic-ის დეივ მეისონის  Feelin' Alright და მიკ ჯაგერისა და კიტ რიჩარდსის Gimme Shelter შევიდა. ყველაზე პირქუშ და იმავდროულად ვინძლო თბილ და მგრძნობიარე ნამუშევარში, Grand Funk Railroad-მა თითქოს შეარბილა საუნდი, რაც დონ ბრიუერის დრამის ნაკლებ სიმკვეთრეში გამოიხატა. მეორეს მხრივ ხმის ინჟინრის ამ ნამუშევარს, ანალოგი თვით Grand Funk-ის დისკოგრაფიაში არ გააჩნია, რადგან თუნდაც Gimme Shelter-ში, ლამის ყურს ჭრის დონ ბრიუერის უხეში ხმის ტემბრის პარალელური მარკ ფარნერის დაუღალავი ფუზი. I Want Freedom და I Can Feel Him In The Morning ორღან ჩანართებით, ლამის ჰიპური სულისკვეთებისაა, ხოლო გამხსნელი Country Road დამაბოლოვებელი ინსტრუმენტული ნაწილით, Grand Funk Railroad ტრიოს ჟღერადობის ერთ-ერთ სანიმუშო  მომენტად იქცა, რაც ჯგუფის ზოგიერთ მოყვარულს, დღემდე ალაპარაკებს კოლექტივის კვარტეტად გადაკეთების ზედმეტობაზე. ჩვენ კი ამის შესახებ, შემდგომში ვისაუბრებთ...

(გაგრძელება იქნება)