ზაალ ანჯაფარიძე:  ცესკოს მიმართ  მზარდი ზეწოლისა და თავდასხმების მიუხედავად, ის მზად არის გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად

ზაალ ანჯაფარიძე:  ცესკოს მიმართ  მზარდი ზეწოლისა და თავდასხმების მიუხედავად, ის მზად არის გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას რომ კორონავირუსი არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელებას და სიცოცხლეს შეეხო, არამედ ჩვენს პოლიტიკურ სისტემასაც და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უხილავი და ზოგისთვის კი საკმაოდ ხილული მოთამაშე გახდა.“- აცხადებს ანალიტიკოსი  ზაალ ანჯაფარიძე.

,მისი თქმით,  ეს გამოიხატება იმაშიც, რომ კორონავირუსთან ბრძოლა თავიდანვე გახდა პოლიტიზების ობიექტი.

„არჩევნების დღის მოახლოება და კორონავირუსის მეორე ტალღის დადგომა, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი მოხვდა კარანტინსა და სტაციონარში, ასევე გახდა ოპოზიციის პოლიტიკური აჟიოტაჟის მიზეზი იმ მოტივით, რომ ამ ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება ეზღუდებათ. „ლოგიკა“ სავარაუდოდ, მდგომარეობს იმაში, რომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი რატომღაც მათი ამომრჩეველია. თუმცა, რეალური „ლოგიკა“ როგორც ჩანს, მაინც არის ხელისუფლების დადანაშაულება ამომრჩევლებისათვის მათი ხმის უფლების წართმევაში და შემდეგ ამის გამოყენება არჩევნების დელეგიტიმაციის ერთ- ერთ მიზეზად. სურათის გასაბუქებლად ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა ცესკოს შენობასთან მცირე პერფორმანსიც კი მოაწყვეს.“- ამბობს ანალიტიკოსი.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში ცესკო მზარდი ზეწოლის და თავდასხმის ობიექტი გახდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათთან აფილირებული ორგანიზაციების მხრიდან, ჯერჯერობით, საერთაშორისო დამკვირვებლების შუალედურ ანგარიშებში ცესკოს მიმართ რაიმე სერიოზული პრეტენზია არ გამოთქმულა.“- ასე აფასებს ზაალ ჯაფარიძე არჩევნებადე ერთი დღით ადრე, ცესკოს მზაობს.

„რეალობა ის გახლავთ, რომ ცესკოში უკვე აღრიცხული და დამტკიცებულია კარანტინსა თვითიზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩევლის სპეციალური სიები და ეს ამომრჩევლები 31 ოქტომბრის არჩევნებში  გადასატანი ყუთის მეშვეობით მიიღებენ. ამ მიზნით შექმნილი 127 საარჩევნო სპეციალური უბანი ამ ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება. ალბათ საინტერესოა იმის ცოდნაც, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს     9 940-მა კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფმა მიმართა, რაც სხვათა შორის ირიბი ინდიკატორია იმისა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იქნება.

ცალკეული პარტიები და მათთან აფილირებული ორგანიზაციები ცდილობენ მოსახლეობაში დანერგონ განწყობა, რომ კორონავირუსის შიშის გამო, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სახლში დარჩება, რაც მმართველი პარტიას უპირატესობას მისცემს. პანდემიის გამწვავების ფონზე, ამომრჩევლის ნაწილმა, შესაძლოა, მართლაც არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამავე დროს, არჩევნებამდე დარჩენილ საათებში საჭიროა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და უპირველეს ყოვლისა, მათი ინფორმირება, რომ საარჩევნო უბნებში დაცული იქნება პანდემიის საწინააღმდეგო ყველა უსაფრთხოების წესი. უკვე ცნობილია, რომ თვითოეული ამომრჩეველი მისთვის სასურველი პარტიის ან კანდიდატის ნომერს ინდივიდუალური კალმით შემოხაზავს.“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

მისი თქმით, ადგილი არც მასობრივ დარღვევებს აქვს.

„ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშებში მოყვანილი დარღვევების რაოდენობა და ხასიათი, არ არის იმ ხარისხის, რომ ვისაუბროთ მასობრივ დარღვევებზე. შესაბამისად, ცესკოს მზაობა პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად სახეზეა. რამდენად სახეზეა პოლიტიკური სუბიექტების მზაობა, რომ პანდემია არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისათვის და არეულობის მოსაწყობად, ამას ხვალ და მომდევნო დღეებში გავიგებთ.  შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად, ამომრჩევლებს შეუძლიათ უსაფრთხოდ არჩევნებზე წასვლა და მონაწილეობა. როგორც ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა თქვა,“ ცუდ ხელისუფლებას ირჩევენ კარგი ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან.“ - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.