ემანუელ მაკრონი: ჩვენი ქვეყანა ისლამისტური ტერაქტის სამიზნე გახდა

ემანუელ მაკრონი: ჩვენი ქვეყანა ისლამისტური ტერაქტის სამიზნე გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონის თქმით, ტერორისტებთან ბრძოლაში საფრანგეთი სიმტკიცესა და ერთიანობას გამოიჩენს.

„ჩვენი ქვეყანა ისლამისტური ტერაქტის სამიზნე გახდა. ცხადია, რომ საფრანგეთს დაესხნენ თავს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიცაში ვიზიტის დროს.

ემანუელ მაკრონის თქმით, ნიცაში მდებარე ტაძარში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით რელიგიური ობიექტების დაცვა გაძლიერდება.

საფრანგეთში, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთ ქალს თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, რა დროსაც ის დაიჭრა და ახლა ჰოსპიტალში იმყოფება. მის ვინაობასა და მოტივებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.