ევროკავშირი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას მიუღებლად მიიჩნევს

ევროკავშირი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას მიუღებლად მიიჩნევს

ევროკავშირი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროკავშირი მიუღებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამი შეთანხმების შემდეგ საომარი მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის ირგვლივ კვლავ გრძელდება და სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მოდის სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამართონ არსებითი მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხზე.

25 ოქტომბერს ვაშინგტონი, ბაქო და ერევანი ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება.

26 ოქტომბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო შეთანხება დაარღვიეს. სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს.