ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავსა და მუზეუმში დაცული აფხაზურენოვანი წიგნები და ისტორიული დოკუმენტები გამოიფინა თსუ-ში. აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, პროფესორები, სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ყველანაირი რეკომენდაციების გათვალისწინებით, წელსაც აღინიშნა აფხაზური ენის დღე უნივერსიტეტში, „სადაც საფუძველი ჩაეყარა აფხაზური ენისა და ლიტერატურის სამეცნიერო შესწავლას. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება - თსუ-ში ისწავლება აფხაზური ენა, ინტენსიურად გამოიცემა პუბლიკაციები, მათ შორის, ლექსიკონები, მუშავდება საინტერესო მასალები. აფხაზური ენის გადარჩენა ჩვენთვის ნამდვილად ეროვნული ამოცანაა,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
„ვულოცავ აფხაზური ენის დღეს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც მშობლიურია აფხაზური, და მათ, ვისთვისაც აფხაზური ენის და კულტურის შენარჩუნება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა. მისი თქმით, „დღეს, აფხაზური ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშეა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო. აფხაზური ენის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აფხაზური იდენტობისა და კულტურის დაცვასა და განვითარებას. ეს კი ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად წარმოადგენს აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას და პრინციპს.“
„ეს დღე დატვირთულია ძალიან დიდი ფუნქციით და მოვალეობით. განსაკუთრებით გამოვყოფდით კონსტიტუციურ მოვალეობას, რომელიც გვაკავშირებს და გვავალებს დავიცვათ აფხაზური ენა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართულია აკადემიური სფეროც. ამ საქმეში განსაკუთრებული ადგილი უკავია თსუ-ს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ აფხაზური ენის დაცვის, გავრცობის და განვითარების პროცესს“, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი საუკუნის წინ უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა დაიწყეს აფხაზური ენის განვითარებასა და მეცნიერულად შესწავლაზე ზრუნვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918 წელს გამართულ პროფესორთა საბჭოს სხდომაზე ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა კავკასიური ენების შესწავლის სამეცნიერო მნიშვნელობაზე. თსუ დამფუძნებელი ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, რომ კავკასიური ენების, მათ შორის, აფხაზური ენის შესწავლას გარდა დიდი სამეცნიერო მნიშვნელობისა, დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. 1918 წელს პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აფხაზური ენის სწავლებისთვის მოიწვიეს პეტრე ჭარაია, 1925 წლიდან კი ამ მისიას ასევე დიდი მეცნიერები დიმიტრი გულია და სიმონ ჯანაშია აგრძელებდნენ. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, „თსუ-ში სწავლების სამივე საფეხურზე ისწავლება აფხაზური ენა, ლიტერატურა და ფოლკლორი. უნივერსიტეტი სთავაზობს აფხაზ ახალგაზრდებსაც თსუ-ში აფხაზური ენის სწავლასა და კვლევაში ჩართვას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უნივერსიტეტს აფხაზურის სწავლის მხოლოდ კარგი ისტორია კი არ ჰქონდეს, არამედ მომავალიც. “
ღონისძიებაზე პოეტმა დავით მაღრაძემ უნივერსიტეტს აფხაზურ ენაზე თარგმნილი პოემა „ჯაკომო პონტი“ გადასცა საჩუქრად.
თსუ-ში ათ წელზე მეტია ფუნქციონირებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანია ქართულ-აფხაზურ პრობლემათა შესწავლა და კვლევა, აფხაზური ზეპირმეტყველების სწავლა-სწავლება. ცენტრი COVID-19 პანდემიის დროსაც აგრძელებს მუშაობას - აფხაზური ენის შემსწავლელი კურსები დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილია თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს 1918 წლის 2 მაისის სხდომის ოქმი, რომელშიც აფხაზური და ოსური ენების სწავლების საკითხი განიხილება; სიმონ ჯანაშიას მიერ 1927 წელს შედგენილი აფხაზური ენის პროგრამა; 55 აფხაზი სტუდენტის სია, რომლებიც სოხუმის მთავრობის რეკომენდაციით ჩაირიცხნენ თბილისის უნივერსიტეტში პირველი რესპუბლიკის პერიოდში; გიორგი ახვლედიანისადმი მიწერილი დიმიტრი გულიას წერილები; ქეთევან ლომთათიძისა და არნოლდ ჩიქობავას ფოტოები აფხაზ კოლეგებთან ერთად; არნოლდ ჩიქობავას წერილები, რომელიც აფხაზეთის საკითხებს ეხება და სხვა.