რა არის Deepfake, რომლითაც, კობახიძის თქმით, ოპოზიცია ვიდეოებს ამზადებს და არჩევნების წინა დღეს გამოქვეყნებას გეგმავს

რა არის Deepfake, რომლითაც, კობახიძის თქმით, ოპოზიცია ვიდეოებს ამზადებს და არჩევნების წინა დღეს გამოქვეყნებას გეგმავს

“გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიცია Deepfake-ის გამოყენებით მასალებს ამზადებს”, – ამის შესახებ დღეს პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,

“ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს”.

რა არის Deepfake?

ეს არის პროგრამა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს კიბერ-უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

2000-იან წლებში პროგრამას ძირითადად კინო-ინდუსტრიისთვის იყენებდნენ, დღეს კი აპლიკაცია ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

ამ პროგრამით შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანის გარეგნობის, სხეულის მოძრაობის და ხმის გაყალბება, რომელსაც ნამდვილისგან ფაქტობრივად ვერ განასხვავებთ.

სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებისთვის ნაცნობი არაერთი პოლიტიკური სახე თუ მსახიობი მნიშვნელოვან სკანდალში გაეხვა. მაგალითად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც დონალდ ტრამპს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდა. საბოლოოდ ამ ჩანაწერზე ექსპერტიზამ დაადგინა რომ ავთენტური არ იყო და ის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ, სწორედ აღნიშნული პროგრამით იყო გაყალბებული.

მსგავსი ხასიათის ჩანაწერები საზოგადოებას ხვდება ვლადიმერ პუტინის, ანგელა მერკელის, ჰილარი კლინტონის და სხვა პოლიტიკური სახეების მონაწილეობით, რომელიც ასევე Deepfake-ით იყო შექმნილი.

ამ პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი მსახიობი ემა უოტსონი იყო, რომლის დამონტაჟებული ვიდეო არაერთ პორნო საიტზე გავრცელდა. ექსპერტები Deepfake-თან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სექსუალურ მიმართულებას მიიჩნევენ, რადგან დამონტაჟებული კადრები შესაძლოა, ნებისმიერი პირისთვის სექსუალური შანტაჟის საგანი გახდეს.