მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ კორონავირუსის პანდემია სერიოზული გამოწვევაა და ჩემი თხოვნაა მოსახლეობისადმი, ეს გავითავისოთ. ყველამ დავიჯეროთ, რომ კორონავირუსის პანდემია რეალურია. თითოეულ ჩვენთაგანს შეიძლება შეეხოს. შევასრულოთ ის რეგულაციები, რასაც ვითხოვთ, ისე, როგორც ამას გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ვაკეთებდით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება აღინიშნება. ბოლო სამი დღის განმავლობაში კი ახალი შემთხვევების რაოდენობა 1800-1900-ის ფარგლებშია, რაც მოსახლეობაში შესფოთებას იწვევს.
ამასთან, ცერცვაძემ აღნიშნულის პარალელურად მსოფლიოში ამ მხრივ მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა.
„ბუნებრივია, ეს მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს და ამის საფუძველიც არსებობს, მაგრამ მინდა მოსახლეობას განმარტება მივცე. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს არის მსოფლიო ტრენდი. ბოლო დღეებში მსოფლიოში ყოველდღიურდ სარეკორდო მაჩვენებლები ფიქსირდება. სულ რაღაც 3 დღის წინ მსოფლიოში 450 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე ფიქსირდება სარეკორდო მაჩვენებლები ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. ეს ჩვენ არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, მაგრამ ანგარიში უნდა გავუწიოთ, რომ ეს არის უნივერსალური მოვლენა და ის მეორე ტალღა, რომელზეც ამდენი საუბარი იყო, როგორც ჩანს, დაიწყო და იგი ჯერჯერობით მთელს მსოფლიოში აღმავალია.
ამჯერად მოსახლეობას იმ ნაწილს მივმართავ, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს. რეალურად არ აცნობიერებს მის საფრთხეს, რაც აისახება გაწერილი რეგულაციების უგულებელყოფაში და მათ არასათანადოდ შესრულებაში. მაგალითად, ის, რომ არ ატარებს პირბადეს, სოციალური დისტანციის დაუცველობაში, ხალხმრავალ ადგილებს თავს არ არიდებს და ასე შემდეგ. არ შეიძლება ვიცხოვროთ დანარჩენი სამყაროსგან დამოუკიდებლად, მისი ძირითადი ტენდენციებისგან დამოუკიდებლად, ჩვენს ჩაკეტილ სივრცეში და ვიხელმძღვანელოთ ჩვენი რწმენითა და მოსაზრებებით, რომ კორონავირუსი არ არსებობს, რომ ეს საფრთხე არარეალურია, გამოგონილია ან ყოველ შემთხვევაში, გაზვიადებული“, - განაცხადა ცერცვაძემ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.