ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოება ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ძალიან მძიმე თემა იყო ის, რაც მოხდა. თუმცა ყველაზე მთავარია, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ და თმა არავის ჩამოვარდნია. ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოება ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. რაც შეეხება დაკავებას, მიმდინარეობს ღონისძიებები, იდენტიფიცირებულია ადამიანი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ პოლიტიკური განცხადებებისგან, ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებებისგან. მივცეთ შესაძლებლობა შესაბამის უწყებებს, რომ რაც შეიძლება დროზე დააკავონ დამნაშავე“, - განაცხადა კალაძემ.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.
თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.